პრემიერი: კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე ხანძრისას გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში, ურთულეს რელიეფზე ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს.
„ჩვენ ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც, ვფიქრობთ, მართლაც, გამორჩეული გმირობის შედეგია. ბატონო გიორგი, მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი“ ,- მიმართა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს.
მისივე თქმით, მოქალაქეებმაც დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და სტიქიას მაშველებთან ერთად ებრძოდნენ.
„ჩვენ ნამდვილად გვახასიათებს ასეთ მომენტებში ასეთი კონსოლიდაცია და ეს, მართლაც, გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში ერთი დღის წინ თბილისში“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ზღვისპირეთსა და პლაჟებზე მაშველების მიერ ბოლო პერიოდში ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებაც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამართული ფუნქციონირება.
„თითქოს ყოველდღიურ რუტინად იქცა 5-10 ადამიანის გადარჩენა და უკვე 100-ზე მეტია მაშველების მიერ გადარჩენილ ადამიანთა რიცხვი. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. ვფიქრობთ, ეს სტრუქტურა არის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გასაძლიერებელი. ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რიცხვის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო სტრუქტურის მუშაობა ამ გაზრდილი გამოწვევების პირობებში, რაც ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები