„რუსეთი კიდევ ერთხელ ღიად უპირისპირდება მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და არღვევს მსოფლიო წესრიგს“

“პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უკვე მოჰყვა ევროკავშირის გამოხმაურებაც. რუსეთისთვის ეს და სხვა პარტნიორების განცხადებები არის კიდევ ერთი ღია მინიშნება, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ“, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში.
„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მას საერთაშორისო ნორმების აღიარებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი შეუსაბამოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებთან, რომლის მონაწილეც არის რუსეთი და რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი ქმედებებით რუსეთი კიდევ ერთხელ ღიად უპირისპირდება მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და არღვევს მსოფლიო წესრიგს.
“პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უკვე მოჰყვა ევროკავშირის გამოხმაურებაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. რუსეთისთვის ეს და სხვა პარტნიორების განცხადებები არის კიდევ ერთი ღია მინიშნება, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ“,-აღნიშნა თავმჯდომარემ.
პუტინის აფხაზეთში ვიზიტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმაურება და მის ქმედებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან შეუსაბამოდ აფასებს.
აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, როგორც ამას 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები