ზურაბ ალავიძე: რეგიონებში რწმუნებულ-გუბერნატორების შეცვლა არის ბუნებრივი პროცესი

რეგიონებში რწმუნებულ-გუბერნატორების შეცვლა არის ბუნებრივი პროცესი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ ერთი მოტივით – ადგილებზე შეირჩნენ ისეთი კადრები, ვინც ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს.
”რეგიონებში რწმუნებულ-გუბერნატორების შეცვლა არის ბუნებრივი პროცესი და ყველა გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ ერთი მოტივით – ადგილებზე შევარჩიოთ ისეთი კადრები, ვინც ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს, გაზრდილ მოთხოვნებს და ფეხს აუწყობს იმ რიტმს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. დღეს მთავარი ამოცანა არის ის, რომ რეგიონებში დაწყებული ყველა პროექტი განხორციელდეს დროულად და ხარისხიანად. განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტებში და აუცილებელია, რომ უკვე არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოხდეს, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სახელმწიფოს ზრუნვა და ამაღლდეს მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაფასებთ უკვე ყოფილი გუბერნატორების გაწეულ სამუშაოს. პირიქით, მადლობა მინდა მათ გადავუხადო და გამოვთქვა იმედი, რომ სხვა სტატუსით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ ჩვენს საზოგადოებაში.რაც შეეხება ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს, დარწმუნებული ვარ, შეირჩევიან კომპეტენტური და ენერგიული კადრები.
კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერი უახლოეს დღეებში მიიღებს და ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება”, – განაცხადა ალავიძემ.
შეგახსენებთ რომ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები