ენძელა მაჭავარიანი მეხანძრეებზე: ისინი გმირები არიან, ჩვენი დროის გმირები

უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი მთაწმინდაზე გუშინ ღამით გაჩენილ ხანძარს ეხმაურება.
ის მეხანძრე-მაშველების მიერ გამოვლენილ მაღალ პროფესიონალიზმზე საუბრობს. “გუშინდელმა ხანძარმა მთაწმინდაზე კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა. ვღელავდით ყველა, ცეცხლი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის სიმბოლოს განადგურებით ემუქრებოდა და თავიდან მოსახლეობასაც უქმნიდა საფრთხეს. ვინც ადგილზე მისვლა ვერ შევძელით, ტელევიზიით ვადევნებდით თვალს, როგორ ებრძოდა მთაწმინდას ცეცხლი და ცეცხლს – ადამიანები… დიახ, გუშინ იქ ყველამ დიდი საქმე გააკეთა, მეხანძრეების დასახმარებლად ნიჩბით გამოსულმა მოქალაქეებმა, მთავრობის წევრებმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა… მთავარი გმირები კი მაინც მეხანძრეები იყვნენ. მაღალი პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით, მართლაც, უმოკლეს დროში რომ დაამარცხეს სტიქია…
ბოლო დროს, სულ მცირე ხანში უკვე მერამდენე ხანძარი ჩააქრეს, მერამდენედ აგვარიდეს საფრთხე, სათვალავი მერევა. მაგრამ მათთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის ხანძრის ყოველი ლიკვიდაცია მათი ხელახლა დაბადებაა, რადგან, ხშირად, გაუსაძლის გარემოში, საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ებრძვიან ცეცხლს…და რა არის ამ თავგანწირვის არსი, დღევანდელ პირობებში, მათი ხელფასით თავის გატანა თვიდან თვემდეც ჭირს…
ისინი ყოველგვარ ჯილდოს, ყოველგვარ პრემიას იმსახურებენ, მაგრამ ამ გმირობას მატერიალური საზღაური არ აქვს, ამ გმირობის ფასი გადარჩენილი ადამიანები, გადარჩენილი ძეგლები, გადარჩენილი მთაწმინდაა! ვფიქრობ, მათ შესაფასებლად ამაოდ ვეძებ სიტყვებს, ამიტომ, უბრალოდ, ვიტყვი, ისინი გმირები არიან, ჩვენი დროის გმირები!“ – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები