საერთაშორისო ასოციაცია ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს დააჯილდოებს

ასოციაცია “ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს დააჯილდოვებს.

დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებენ: “ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსი OBE და საერთაშორისო თავმჯდომარე კის იანგი MBE. ღონისძიების საპატიო სტუმარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელი და არალობისტური პლატფორმა საქართველოს პარლამენტში, საერთაშორისო ასოციაციამ ევროკომისიის მხარდაჭერით დააფუძნა, 2004 წელს, თავისი ბრიტანული ანალოგის შესაბამისად.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ძირითადი მიზანია: კანონმდებელთა გადაწყვეტილებების ინფორმირება, კანონშემოქმედებით საქმიანობაში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის კონსტრუქციული დიალოგის განვითარება და საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა, უკეთესი ეკონომიკური კანონმდებლობისა და უფრო ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად.

დროებით შეჩერებული საქმიანობა ცენტრმა 2014 წლის ბოლოს განაახლა; 2016 წელს აღადგინა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმა; 2017 წლის დასაწყისში კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით, განაგრძო ოპერირება საქართველოს პარლამენტის განახლებულ სივრცეში.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების მხარდამჭერია ფონდი „კრისტალი“.

“ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ დამოუკიდებელი, არამომგებიანი და არალობისტური ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ეფექტური ურთიერთობების დამყარებას პარლამენტსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, დემოკრატიისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის ქვეყანაში. ორგანიზაციის მუშაობის 40-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები შეიქმნა მსოფლიოს 16 ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით.

ფრედრიკ ჰაიდ-ჩემბერსი საერთაშორისო ასოციაციის “ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის“ (EPDI) აღმასრულებელი თავმჯდომარეა, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთან ურთიერთობის 40-წლიანი გამოცდილებით. მან ჩამოაყალიბა ბიზნესისა და პარლამენტის დიალოგის პირველი ცენტრი ბრიტანეთის პარლამენტში 1977, რომელიც დღეს ფუნქციონირებს მრეწველობისა და პარლამენტის ფონდის სახელით და ემსახურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ორივე პალატას. ბატონი ჰაიდ-ჩემბერსის უშუალო ჩართულობით შეიქმნა ბიზნესისა და პარლამენტის დიალოგის ცენტრები მსოფლიოს თექვსმეტ ქვეყანაში ახალი ზელანდიიდან, ესპანეთსა და ფინეთამდე, საქართველოს ჩათვლით. მისივე ძალისხმევით შემუშავდა “საერთო პრინციპების კოდექსი“, რომელიც ყველა დიალოგის ცენტრისთვის საერთო სახელმძღვანელო დოკუმენტია. 2003 წელს, პარლამენტისა და ბიზნესსაზოგადოებისთვის გაწეული სამსახურისთვის ფრედრიკ ჰაიდ-ჩემბერსი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (OBE) დაჯილდოვდა.

კისიანგი “ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის“ (EPDI) საერთაშორისო თავმჯდომარეა. იგი არის მეწარმე, სხვადასხვა სექტორის კომპანიებში ინვესტირებისა და კომპანიათა მართვის მრავალწლიანი გამოცდილებით, საგამომცემლო სფეროში, კომუნიკაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში; იანგი ასევე დაჯილდოებულია ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით (MBE).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები