ირაკლი სესიაშვილი: მეხანძრე-მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და საფრთხე აგვარიდეს თავიდან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც სესიაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს, რომ ჩვეული პროფესიონალიზმით და ოპერატიულობით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და საფრთხე აგვარიდეს თავიდან. პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა და სწორედ მათი ოპერატიული მუშაობის შედეგად მთაწმინდის რაიონის საკმაოდ რთულ რელიეფზე, სადაც ტექნიკას გადაადგილებაც კი უჭირდა, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა. შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ და სხვა ბოლო პერიოდში გაჩენილმა ხანძრებმა უნდა გვაფიქრებინოს, რომ საჭიროა, გავაგრძელოთ მუშაობა უფრო ეფექტური ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის”, – წერს სესიაშვილი.
თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ტყის მასივს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ჩაერთო. ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა. ხანძართან დაკავშირებით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები