გიორგი კვირიკაშვილმა „გილეადის“ ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის” აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი – ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯილდოები კომპანიის ხელმძღვანელებს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სახელით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადასცა.
შეხვედრას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც დაესწრო, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის განსაკუთრებული როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. „გილეადის” აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჯონ მარტინის შეფასებით, პროგრამის განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესის მასშტაბი შთამბეჭდავია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე ღონისძიებებსაც, რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად.
„გილეადის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ალტონის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელი სამაგალითოა მსოფლიოსთვის. „C ჰეპატიტის აღმოფხვრა, ერთი მხრივ, ქართველი ხალხის ინტერესს ემსახურება, ხოლო, მეორე მხრივ – ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას თავისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს, C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელი სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, რათა ეს დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრას”, – განაცხადა გრეგ ალტონმა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის” მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 40 000-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები