„ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
კომისიამ შპს „სისტემ ნეტს“ და შპს „ჯეოსელს“ შორის საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში მომსახურებაზე დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებით დავა განიხილა, შპს „ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, ასევე მხარეებს საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების ურთიერთჩართვის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება და მისი ასლის ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა დაავალა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „ჯეოსელი“ მობილური საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების პირად და მასზე კომისიის გადაწყვეტილებით, დაკისრებულია სპეციფიკური ვალდებულებები, ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა და ბოლოს, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
ამავე კანონის შესაბამისად, დაშვების ვალდებულების ფარგლებში ურთიერთჩართვის მომსახურების შეზღუდვა კომისიის წინასწარ თანხმობას საჭიროებს. შპს „ჯეოსელმა“ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს „სისტემ ნეტს“ საერთაშორისო ზარის დასრულების ნაწილში მომსახურებაზე დაშვება შეუზღუდა. კომისიამ მიმდინარე წლის მაისის თვეში აღნიშნული დავა განიხილა, შპს „ჯეოსელი“ წერილობით გააფრთხილა და ურთიერთჩართვის მომსახურების დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა. თუმცა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილება არ აღუსრულებია, რის გამოც შპს „სისტემ ნეტმა“ კომისიას საჩივრით შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ხელახლა მიმართა. ამჯერად, შპს „ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ასევე, შპს „სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა და მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება დაავალა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები