ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ენერგო ომბუდსმენის რეკომენდაციას ეხმაურება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანია 2017 წელს, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულ, 81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ენერგო ომბუდსმენის რეკომენდაციებში მოყვანილი წყალმომარაგების შეზღუდვის შემთხვევები დაკავშირებულია კომპლექსურ სამუშაოებთან, რომელსაც კომპანია ერთდროულად 34 ობიექტზე აქტიურად აწარმოებს, მათ შორის პეკინის, ასათიანის, ცისკარიშვილის, კლდიაშვილის, ინგოროყვას ქუჩებზე.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ინტენსიურად იცვლება მოძველებული, ამორტიზებული მილები. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები – ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და მინიმუმამდე ამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს.
აღსანიშნავია ვაზისუბნის მიკრო რაიონების მკვებავ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც მოძველებული ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად სისტემური ხასიათის დაზიანება გამოვლინდა. საკითხის სრულად მოგვარების მიზნით, კომპანიამ ვაზისუბნის მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია დაგეგმა. სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ხაზგასასმელია, რომ სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე, რის შესახებაც მომხმარებლის ინფორმირებას კომპანია ახდენს წინასწარ – სმს შეტყობინების, ვებ გვერდისა და ფეისბუქის საშუალებით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაქსიმალურად ცდილობს სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების უმოკლეს დროში შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები