ბოლნისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

სასტიკი ომის 5 დღე და ომიდან გასული 9 წელი – საქართველო 2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპულ გმირებს იხსენებს. რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა შორის 3 მეომარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო. 40 წლის ნოდარ დევნოზაშვილი, 23 წლის ასლან შაინიძე და 18 წლის საბა დადვანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ომის დროს დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს და სოფელ დისველში, რატევანსა და ტანძიაში მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია, თითოეულს 500 ლარის ოდენობით.
,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ზუსტად 9 წლის წინ რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რასაც უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ. მათ შორის 3 ბოლნისელი სამხედრო მოსამსახურე გმირულად შეეწირა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას. დღეს მოვედით საფლავებზე და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ეს ბიჭები ჩვენი დროის გმირები არიან და ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს ისინი“,- განაცხადა ბოლნისი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები