2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა.
სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ითვალისწინებს.
ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას წარმოადგენს. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი აწარმოებენ.
ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა. პროგრამის თანადამფინანსებლები საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი არიან. პროგრამა უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით ხორციელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს აშშ-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.
შერჩევის პროცესი რამდენიმე ფაზას ითვალისწინებს:
1 ფაზა – აგვისტოს შუა რიცხვები: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება – მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს. განმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე;
2 ფაზა – აგვისტოს ბოლო: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება – ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგად ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა;
3 ფაზა – სექტემბრის შუა რიცხვები: გასაუბრება – ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება აშშ-ის საელჩოში.
შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორენოვანი შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს აშშ-ის საელჩო საქართველოში და რომელიც საელჩოს, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებისგან, აგრეთვე ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან შედგება.
სექტემბერ-ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ, ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:
TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, ბიზნესი. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა.
GRE – სავალდებულოა ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;
GMAT – სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის.
განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი კანდიდატების განცხადებებს აშშ- ის უნივერსიტეტებს გადასცემს, რათა მათ მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი განიხილონ. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე. საბოლოო შედეგები კანდიდატებს 2018 წლის გაზაფხულზე ეცნობებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები