პარლამენტის ეზოში ფოტოგამოფენა -„ომი ჩვენს ობიექტივში” გაიმართა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თბილისის სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა – „ომი ჩვენს ობიექტივში” გაიმართა.
გამოფენის დამთვალიერებლებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა და ცხრა წლის წინ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ტრაგიკულ დღეებზე და ქართველ გმირების თავდადებაზე ისაუბრა.
„დღეს საქართველოს პარლამენტი ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენას მასპინძლობს, რომელიც ასახავს იმ დღეებს, რაც ჩვენ –  ყველამ ცხრა წლის წინ ერთად გამოვიარეთ. ეს იყო ძალიან ტრაგიკული დღეები, რომლებიც ძალიან კარგად გვახსოვს და, ამავდროულად, ეს იყო ის დღეები, როდესაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სამშობლოს წინაშე თავგანწირვა და ნამდვილი გმირობა გამოავლინეს. შესაბამისად, დღევანდელ ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ამ დღეების ტრაგედიის კადრები, ასევე მათში ასახულია ჩვენი მოქალაქეების გმირობა და თავდადება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოფენაში მონაწილე ხუთ ფოტოგრაფს – გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურცუკიძეს, ივანე შლამოვს, ნოდარ ცხვირაშვილს და გლებ გორანიჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გამოვლენილი გმირობისთვის და გაწეული ღვაწლისთვის.
„ესენი ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტოგრაფები არიან, რომელთაც არაერთი ისტორიული მოვლენა აღბეჭდეს თავიანთ ფოტოობიექტივში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო მათ ამ დღეების ისტორიის შემონახვისთვის და იმ გმირობისთვის, რომელიც სამშობლოსთვის ჩაიდინეს. ეს ნამდვილად ფასდაუდებელი ღვაწლია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან ტრაგიკული დღეები, თუმცა, ამასთან ერთად, ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი სამხედროების, ჩვენი ფოტოგრაფების გმირული დღეები და ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი მუდამ გვახსოვდეს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აგვისტოს ომის უმძიმესი დღეები ფოტოხელოვანმა, გიორგი აბდალაძემ გაიხსენა და ომის დროს დაღუპული ჟურნალისტების და ფოტოგრაფების ხსოვნას პატივი მიაგო.
„ჩვენ, ფოტოგრაფები, შევეცადეთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას და ჩვენს თავს, თუ რა უმძიმესი პერიოდი გვქონდა 2008 წელს. ჩვენდა სამწუხაროდ, აგვისტოს ომში დაიღუპნენ ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები. გვინდა იმ ადამიანების ხსოვნას პატივი მივაგოთ. ჩვენი არაერთი კოლეგა იყო ომის წინა ხაზზე და თავისი ობიექტივით და ფოტოაპარატებით ასახავდნენ იმ რეალობას, რაც იმ დღეებში ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა”, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.
გამოფენა დღის ბოლომდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება დაინეტესებულ პირებს თავისუფლად შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები