პრემიერი: აუცილებლად გაერთიანდება ქართველების, აფხაზების და ოსების გულები
„რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ევროპულ საქართველოს აშენებს, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის.
“მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი. რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ.
რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, პირველ რიგში, იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს ვაშენებთ, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აუცილებლად გაერთიანდება ქართველების, აფხაზების და ოსების გულები.
“ამიტომ ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველა სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ. შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზების და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.