2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა.
აქტიური საბრძოლო მოქმედებები 8 აგვისტოდან დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით, ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.
რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ობიექტებსა და აეროდრომებზე მიიტანა. იბომბებოდა ქალაქი გორი, ასევე სამხედრო ბაზები.
რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.
საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა.
აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლით დაწყებული ომი საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით და რამდენიმე კვირაში კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დასრულდა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები