მარიამ ჯაშმა საბურთალოს რაიონში ახალი საბავშვო ბაღი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში „ბაღების კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის მასშტაბით ახლად აშენებული ბაგა-ბაღების მონახულებას აგრძელებს.
მარიამ ჯაშმა, ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, დღეს პეკინის №23(ა)-ში, წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა, სადაც სექტემბრიდან ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.
საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო შენობის შიდა სივრცე და ეზო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. სამუშაოების ღირებულებამ 1 318 000 ლარი შეადგინა.
გამსახურდიას 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა, არც კერძო კომპანიის ინტერესები დარჩა გაუთვალისწინებელი. საქმე ისაა, რომ საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძიება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება და ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა 9, მათ შორის, 2 ბაგის ჯგუფი გაიხსნება, დასაქმდება 70-მდე ადამიანი.
ბაღების ახალი ნუმერაციის შესაბამისად, პეკინის 23(ა)-ში მდებარე ბაღი #74 იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები