კალაძე: ქალაქის დიზაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად უნიკალური ქართული ანბანი უნდა იქცეს (ვიდეო)

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქალაქის ქაოტური განვითარების პრობლემის შემდეგ, ყურადღებას დედაქალაქის ვიზუალურ სტანდარტზე ამახვილებს. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის დიზაინის მოწესრიგება თბილისის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას შეუწყობს ხელს.
“მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ისეთ აქტუალურ საკითხზე, რომელსაც ყოველდღე ვხვდებით და ვხედავთ – ჩვენი დედაქალაქის ვიზუალურ სტანდარტზე. უფრო სწორად, ამ სტანდარტის არარსებობაზე, იმიტომ, რომ იგი არასდროს შემუშავებულა. რატომ მოგვწონს ისეთი ევროპული ქალაქები, როგორიც არის პარიზი, მილანი, ლონდონი? იმიტომ, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ, თანამედროვე ქალაქს გააჩნია დიზაინის სტანდარტი“, – აცხადებს კახა კალაძე.
დედაქალაქის მერობის კანდიდატის განმარტებით, დიზაინის სტანდარტი ქალაქის საერთო ესთეტიკის, უბნების, ქუჩების დიზაინის სტანდარტიზაციას, ფერთა ესთეტიკურ შეხამებას, აბრების განთავსების მკაფიო წესებს, ქალაქის შრიფტების განსაზღვრასა და ზოგადად, ესთეტიკური მხარის მოწესრიგებას ნიშნავს.
„რა თქმა უნდა, ქალაქის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილად უნიკალური ქართული ანბანიც უნდა იქცეს. ეს აბრები, მანიშნებლები, სტიქიურად ათვისებული ტროტუარები, ვიტრინები, უკონტექსტო დიზაინი – ამ ყველაფრის სასწრაფო მოწესრიგება ასევე, შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული და ბიზნესმიმზიდველობის ზრდას. თბილისი ნამდვილად არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და სწორედ ასეთი თანამედროვე მიდგომებით, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების ჩართვითა და მსოფლიოს გამოცდილების გათვალისწინებით უნდა წარმოვაჩინოთ თბილისი, როგორც სიცოცხლით სავსე ქალაქი “, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

https://www.youtube.com/watch?v=n-l9KhN_BZ4&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები