Gemfest-ის დამფუძნებელი: ფესტივალის ტერიტორიის შემოსასვლელი მკაცრად კონტროლდება

ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალ Gemfest-იდან ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გადაყვანილი 6 პაციენტიდან, ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.
როგორც „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში 4 მათგანი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია.
Gemfest-ის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა მკაცრად კონტროლდება.
„ფესტივალის დაწყების პირველივე დღიდან, მკაცრად კონტროლდება შემოსასვლელი. მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, იმიტომ, რომ ვიცოდით, ბევრი ადამიანი ჩამოვიდოდა ანაკლიასა და განმუხურში. ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, 20 ათასზე მეტი ადამიანი შემოდის დღის განმავლობაში საფესტივალო ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებული არიან, როგორც შემოსასვლელებთან, ასევე, სანაპირო ზოლზე. ჩვენს ტერიტორიაზე არც ერთ შემთხვევაში არ არის დაშვებული ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვა“, – აცხადებს Gemfest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა.
შეგახსენებთ, რომ Gemfest-იდან ზუგდიდის საავადმყოფოში გუშინ გადაყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Gemfest-ი 14 ივლისს დაიწყო და 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები