დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

„ძლიერი სიცხის შედეგად, თუ პირი თავს შეუძლოდ იგრძნობს და ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხეულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი“, – სწორედ ამ რეკომენდაციებს სთავაზობს მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. როგორც „კვირას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, იმ შემთხვევაში კი, თუ აღენიშნებათ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. „თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება“, – აცხადებენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, თუ ადამიანს კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, აქვს კრუნჩხვები ან გონება დაკარგა, საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან ოჯახის ექიმთან დაკავშირება. „სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, პირი გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს. კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მათივე ინფორმაციით, დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით – 24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, ასევე, მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები