“ავღანეთში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში დაშავებული ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო ბაზაზე, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბსა და მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ დაეშვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელობამ და ნატოს ავღანურმა სარდლობამ ერთობლივად მიიღო. თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია დაუყონებლივ ჩაუტარდათ. 23-ე ბატალიონის ექიმის, კაპიტან ირაკლი ქორთუშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და დაგეგმილია მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა. კაპრალი გეგა ხარშილაძე კი, ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გუშინვე გაეწერა და დაკისრებული ამოცანის შესრულებას შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები