Gem Fest-ის ორგანიზატორი: საფესტივალო ტერიტორიაზე ინტოქსიკაციის და სიკვდილიანობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ანაკლია- განმუხურის საფესტივალო ტერიტორიაზე ინტოქსიკაციის და სიკვდილიანობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ Gem Fest-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გური ქოიავამ განაცხადა.
 
„გუშინდელიდან დღემდე საფესტივალო ტერიტორიაზე, შემოსულია დაახლოებით, 20 000 ათასი ადამიანი. აქ მოქმედებს სამი მედპუნქტი, ასევე სპეციალური სამსახურები, მათ შორის, შსს-ის ყველა უწყება რომელიც უნდა იყოს მობილიზებული ასეთ დიდ საფესტივალო ტერიტორიაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ საფესტივალო ტერიტორიაზე არის 20 000 ათასი ადამიანი, სტუმრები მედპუნქტებს ხშირად მიმართავენ წნევიანობითა და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით. რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, საფესტივალო ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა სიკვდილიანობის არცერთი შემთხვევა. დანარჩენი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა გური ქოიავამ.
 
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი და მასთან ერთად ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ანაკლიიდან მწვავე ინტოქსიკაციით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
22 წლის გოგონა დღეს კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, პაციენტები კლინიკაში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები