„RMG-ს მიერ თეთრიწყაროს რაიონში დაგეგმილი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს არ შეუქმნის“ (ვიდეო)
კომპანია RMG-ს მიერ თეთრიწყაროს რაიონში დაგეგმილი პროექტის განხორციელებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხე არ შეექმნებათ -ამის შესახებ სასტუმრო „Holiday Inn“-ში ახალი პროექტის პრეზენტაციაზე „კავკასიის სამთო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რისკების გამოსარიცხად სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ჩატარდა აფეთქების გავლენის ექსპერიმენტალური კვლევა და კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოების პროცესში არც ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსსა და არც ხულუტის ციხეს საფრთხე არ შეექმნება. „
ოპონენტების მხრიდან ერთგვარ სპეკულაციის თემად იქცა ეს საკითხი, მათი და ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლების გასაგონადაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისტორიულ ძეგლებს და სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენს მიერ ჩატარებული აფეთქების გავლენის ექსპერიმენტალური კვლევა, აუცილებელი იყო ჩაგვეტარებინა კვლევები რომ საზოგადოებრივი აზრის, სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრი გათვალისწინებული ყოფილიყო და საშიშროება და რისკები მოხსნილიყო. მოვიწვიეთ შესაბამისი სამსახური, საქართველოს გეო-ფიზიკოსთა ასოციაციამ ჩვენთან გააფორმა ამ საკითხზე კონტრაქტი, დავაყენეთ აპარატურა, როგორც ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსში, ისე ხულუტის ციხეზე. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებართვის საფუძველზე განხორციელდა საცდელი აფეთქება, ისეთი მუხტით რომელიც წარმოების დროს ყველაზე მაქსიმალური იქნება და მინდა გითხრათ, რომ ამ მუხტებს ნეგატიური გავლენა არ მოუხდენიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ისტორიულ ძეგლებთან სამრეწველო მოედნიდან, კარიერიდან და სანაყაროდან ბუნებრივი ბარიერებია ქედის სახით, რაც ჩვენი გადასახედიდან საფრთხეს კიდევ უფრო მეტად ამცირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მადნეულის კარიერზე მიმავალი ბეტონის გზიდან 20-30 მეტრში მდებარეობს სამების ტაძარი, ამ ბეტონის გზაზე მოძრაობენ 40 ტონიანი მანქანები, დაახლოებით 1,5 ში კი მიმდინარეობს ბურღვა -აფეთქებითი სამუშაოები, თუმცა ეს ფაქტორები ტაძარს საშიშროებას არ უქმნის“, -განაცხადა ჯონი შუბითიძემ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებისას არქეოლოგიური კვლევების ჩატარება კანონმდებლობით აუცილებელი არ არის, კომპანიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება და პროცედურებში არქეოლოგი ჩართო. „გეოლოგიურ – სამძებრო სამუშაოებსაც ვატარებდით არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.
თუ რაიმე საშიშროება შეიძლებოდა ყოფილიყო ან ლოკაციას ვიცვლიდით ან ობიექტი უნდა ყოფილიყო შესწავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ გრძელდებოდა სამუშაოები . ამისი დამადასტურებელი შესაბამისი დასკვნები არსებობს“, -განაცხადა ჯონი შუბითიძემ. მისივე თქმით, გეოლოგიური კვლევების საშუალებით გამოვლინდა მადნის ტიპი და ეს არის კვარციტული ტიპის მადნები. „კავკასიის სამთო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თქმით, გეოლოგიური სამუშაოებთან ერთად 35 ტექნოლოგიური სინჯი იქნა აღებული, რამაც კომპანიას ტექნოლოგიური რეგლამენტის მიღების შესაძლებლობა მისცა. პროექტის თანახმად, აღნიშნული მადნიდან ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შევიდეს 5 მილიონ ლარზე მეტი, როგორც მოსაკრებელი, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 2 მილიონ ლარზე მეტი როგორც რეგულირების გადასახადი. ცნობისთვის, კომპანია RMG-მ სასტუმრო „Holiday Inn“-ში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი თეთრწყაროში განხორციელდება და ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, თეთრიწყარო იქნება მესამე რაიონი, სადაც კომპანია 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში, 2018-2022 წლებში, 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. დღევანდელ პრეზენტაციაზე, პროექტის ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან დღემდე გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო. აღსანიშნავია, რომ ყველა საჭირო და შესაბამისი ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებმა უკვე საფუძვლიანად შეისწავლეს თეთრიწყაროს რაიონში სამუშაოების განხორციელების მიზნით შერჩეული ტერიტორიის ისტორია და პროექტის განხორცილებისათვის საჭირო სხვა საკითხები. აღნიშნულ ადგილებში, მადანგამოვლენითი და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები ჯერ კიდევ XX საუკუნის, 50-იანი წლებიდან -90-იან წლებამდე მიმდინარეობდა. RMG-ს აღნიშნული პროექტის პრიორიტეტად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შემუშავებული აქვს პროექტის ფარგლებში საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ასევე, პროექტის განახორციელოების პერიოდში, იგეგმება გარშემო მდებარე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსისა და ხულუტის ციხის შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება და მონიტორინგის წარმოება.