საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ და საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობები გააცნეს და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბროშურები გადასცეს. თელავში საინფორმაციო კამპანიას გრიგოლ ფერაძეს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძეც შეუერთდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო. რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას ხვალიდან ქვემო ქართლში განაგრძობენ, შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გადაინაცვლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები