პრემიერი: „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნაზე განაცხადა, რომ წვრთნები საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებს ღირსეულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
„ძალიან საამაყოა, რომ საერთაშორისო სწავლება ატარებს „ღირსეული პარტნიორის“ სახელს. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას. სწორედ ჩვენი ჯარისკაცების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ერთგულ, ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ ქართველ სამხედროებს და ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, წელს სწავლება უფრო კომპლექსური იქნება, ასევე გაზრდილია მონაწილე ქვეყნების რიცხვი.
“საქართველოში მესამედ ტარდება „ღირსეული პარტნიორი“ და წელს უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება და ეს ძალიან სასიხარულოა. ეს სწავლება მნიშვნელოვანია, რადგან მეტი პროფესიონალი სამხედრო გვეყოლება, ის ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება. სწავლება ჩვენი ქვეყნისთვის მეტი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია. უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სწავლებაში ჩართული ქვეყნებისა და სამხედროების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გერმანია სამხედრო ტექნიკით სწავლებაში პირველად ჩაერთო. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა გამოცდილების გასაზრდელად. ასეთი თანამშრომლობა ურთიერთნდობას აყალიბებს და კიდევ უფრო გააძლიერებს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან.
საქართველოს ღირსეული წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას აფასებენ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები