კახა ბექაური – დღევანდელი, თავისუფალი მედია გარემო, მხოლოდ იმ პარტიისთვისაა გაუარესებული, რომელსაც მთლიანად უზურპირებული ჰქონდა

არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისადმი წერილში გამოთქმულ მოსაზრებაში თუ გულისხმობენ, რომ მედიაგარემო გაუარესდა ერთი პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც უზურპირებული ჰქონდა მედია, მაშინ მათი მოსაზრება სწორია – ამ პარტიისთვის მედიაგარემო მართლა გაუარესდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივს კომუნკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განუცხადა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, დღეს მედია აღარ არის მონოპოლიზებული და უზურპირებული, 2013 წლიდან დაიწყო რეფორმა სიტყვის თავისუფლებისა და პლურალიზმის მიმართულებით, შეიცვალა მთლიანად კანონმდებლობა და რეგულაციები.

„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მედიის მარეგულირებელ კომისიაში ახალი ხელმძღვანელობის არჩევისთანავე დაიწყო რეფორმა სიტყვის თავისუფლების და პლურალიზმის მიმართულებით, შეიცვალა მთლიანად კანონმდებლობა და რეგულაციები, გაუქმდა ლიცენზირება. მარტივი ავტორიზაციით ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, 10 დღეში დაიწყოს მაუწყებლობა და ეს მოხდა კიდეც 2013 წლიდან მოყოლებული. ამ რეფორმამდე ორი ნაციონალური მაუწყებელი არსებობდა, ანუ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ პროგრამებს ორი ეროვნული მაუწყებელი აკეთებდა. დღეს 11 კერძო მაუწყებელია, რომელიც ეროვნულ დონეზე მაუწყებლობს და ფარავს მოსახლეობის 90%-ზე მეტს“, – აღნიშნა ბექაურმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს მთლიანად 49 საერთო მაუწყებელია საქართველოში, რომელიც ახალ ამბებსა და პოლიტიკურ პროგრამებს აკეთებს, რაც უპრეცედენტო რიცხვია.

„მას შემდეგ, რაც 2013 წლის შემდეგ კანონი შეიცვალა, მთავრობისა და კომუნიკაციების კომისიის ძალისხმევით, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ლიბერალური და საუკეთესო კანონმდებლობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამდენი მაუწყებელი, 49 საერთო და 11 ეროვნული მაუწყებელი ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე, სარეკლამო ბაზრითა და ეკონომიკით. ამ მხრივაც უპრეცედენტოა საქართველოში განსაკუთრებით კერძო ეროვნული მაუწყებლობის რაოდენობა. დიდი ევროპულ ქვეყნებშიც კი, როგორც არის გერმანია საფრანგეთი, ჩვენზე ნაკლები მაუწყებელი ყავს როგორც რეგიონული, ასევე ნაციონალური, რომელიც ახალ ამბებს და პოლიტიკურ პროგრამებს აკეთებს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

საქართველოში მოქმედმა 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული მედიაგარემო გაუარესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები