მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო

გორში, სოფელ ხიდისთავთან, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, 13 წლის მოზარდი, რომელიც ტინისხიდში ცხოვრობდა,  სოფელ ხიდისთავში სტუმრად კლასელებთან იმყოფებოდა. 3 მოზარდი ხიდისთავთან არხში ცურავდა, თუმცა არხი დინებით მდინარეს უერთდება. ერთ-ერთი მათგანი მდინარის დინებამ წაიღო. ნაპირზე მყოფმა თანატოლებმა დახმარება ითხოვეს. მოზარდის შესახებ შეტყობინება 112-ში დაფიქსირდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, შეტყობინებისთანავე, მაშველებმა მოზარდის ძებნა დაიწყეს. ბავშვის ძებნაში მყვინთავებიც ჩაერთვნენ. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა მოზარდის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ხიდისთავთან იპოვეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები