დავით ნარმანია: მშენებელი მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებს
“სამწუხაროდ, არის მაინც ცალკეული შემთხვევები, როცა უგულებელყოფენ შესაბამის წესებს და სავალალოდ მთავრდება ეს ყველაფერი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გუშინ, დიდუბეში, შენობის დემონტაჟისას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, მშენებლები, გარდა ცალკეული კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიებისა, არ ემორჩილებიან იმ წესებსა და ნორმებს, რომელიც არსებობს.
„ ყველამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას მშენებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მშენებლები, გარდა ცალკეული კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიებისა, არ ემორჩილებიან იმ წესებსა და ნორმებს, რომელიც არსებობს. ამიტომ, ერთი მხრივ, ნორმებიც უნდა გადაიხედოს და მეორე მხრივ, მე ყოველთვის ვაძლევ დავალებას ზედამხედველობის სამსახურს, ორი-სამი კვირის წინაც მქონდა ასეთი დავალება მიცემული – ვიყოთ კიდევ უფრო მეტად მკაცრები. ზედამხედველობის სამსახური ასრულებს ამ მითითებებს. სამწუხაროდ, არის მაინც ცალკეული შემთხვევები, როცა უგულებელყოფენ შესაბამის წესებს და სავალალოდ მთავრდება ეს ყველაფერი. ამიტომ, ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით მშენებლებმა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მშენებელი მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებს.
„მშენებელი უნდა იყოს დაინტერესებული და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ საქმეს, რასაც ჰქვია სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები. გუშინდელი შემთხვევა განსხვავებული იყო, როდესაც თანხმობა არ ჰქონდათ დემონტაჟთან დაკავშირებით და თვითნებური დემონტაჟი მიმდინარეობდა“, – განაცხადა ნარმანიამ.