თბილისში 12 სახეობის ქვეწარმავალი აღმოაჩინეს – 112-ში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით 579 შეტყობინება შევიდა
წელს, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, ქვეწარმავლებთან დაკავშირებით 112-ში 579 შეტყობინება დაფიქსირდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, თემურ ფხალაძემ განუცხადა, სტატისტიკის თანახმად, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს ციფრი ორჯერ ნაკლებია. მისივე თქმით, ქვეწარმავლების შესახებ ინფორმაცია თბილისის თითქმის ყველა რაიონიდან შემოდის. ფხალაძე ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები აფრიკის დასახლებიდან, ორთაჭალიდან, გლდანის რაიონიდან და ასე შემდეგ. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მაისში – 162, ივნისში – 282, ხოლო ივლისში – 101 შეტყობინება დაფიქსირდა.
ფხალაძის ინფორმაციით, თბილისში 12 სახეობის ქვეწარმავალი ფიქსირდება. ძირითადად (99 %), არაშხამიანი ქვეწარმავალია გავრცელებული. თუმცა, მისივე თქმით, თბილისში ე.წ. წითელმუცლიანი მცოცავის შემთხვევაც იყო. ის აგრესიულობით გამოირჩევა, გვხვდება ანკარას ტიპის მცოცავიც.
„არის შემთხვევები, რომ მოსახლეობას ქვეწარმავალი სადარბაზოსთან ხვდება და შეტყობინება მიგვიღია. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. სამსახური პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილი. მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ქვეწარმავლის არსებობის შემთხვევაში, უმალვე დარეკონ 112-ში და ჩვენ მათ გავუწევთ დახმარებას, არავითარ შემთხვევაში ქვეწარმავალს საკუთარი ნებით არ შეებრძოლონ“, – აცხადებს თემურ ფხალაძე.
ფხალაძე, პრევენციის მიზნით, მოსახლეობას ურჩევს, კერძო საცხოვრებელ სახლის ეზოებში ბალახი დაბალზე გაკრიჭონ და ქვეწარმავლებს არ მისცენ თავშესაფრის საშუალება. ეზოები სპეციალური ხსნარებით დაამუშაონ და არავითარ შემთხვევაში საკუთარი ნებით ქვეწარმავლებს არ შეებრძოლონ.