დავით ნარმანია: გენგეგმა გაითვალისწინებს შემოვლითი რკინიგზის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ხვდება. მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად, მეცნიერებს, არასამთავრობო სექტორის, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლებს, ასევე, დაინტერესებულ პირებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას აცნობს.
როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამეცნიერო წრეებთან გენგეგმის განხილვა უაღრესად აქტუალურია.
მისივე განცხადებით, მათ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ყველა საქმიანი შენიშვნა გაზიარებული იქნება.
დედაქალაქის მერმა შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გენგეგმაში ცალსახად არის მოცემული გამოთავისუფლებული ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხი.
”რაც შეეხება უშუალოდ რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალით დაკავებულ ნაწილს, ამასთან დაკავშირებით, ველოდებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომელიც ოპტიმალური მარშრუტის შესადგენად მიმდინარეობს. მანამდე, ის განვითარდება როგორც სატრანსპორტო ნაწილი, ხოლო მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება ახალი მიმართულების არჩევასთან დაკავშირებით, გენერალური გეგმა გაითვალისწინებს ამ ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაძლოა, ეს იყოს სამანქანო გზა, შესაძლოა, ეს იყოს შიდა მსუბუქი რკინიგზა”, – განმარტა დედაქალაქის მერმა.
აღნიშნულ ფორმატში, გენერალური გეგმის განხილვის კონტექსტში, სხვადასხვა ჯგუფებთან დღევანდელი შეხვედრა მეოთხეა. ამის შემდგომ, გენგეგმის განხილვა ბიზნესმენებთან და დეველოპერებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია დაგეგმილი.