“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ქვესადგურ „მარნეული-220“-ში, 220/110 კვ-იანი კავშირისა და ტრანზიტული ქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დამატებითი, 125 მვა ავტოტრანსფორმატორის სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა.
ქვესადგური „მარნეული-220“სისტემური მნიშვნელობის ქვესადგურია, რომელიც ჩართულია ერთიან გადამცემ ქსელში და ასევე პასუხისმგებელია ქვემო ქართლის რეგიონის ენერგომომარაგებაზე. ქვემო ქართლი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონია, მათ შორის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის დარგში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობის გაზრდა. ახალი ავტოტრანსფორმატორის დამონტაჟებამდე ქვესადგურში მხოლოდ ერთი ავტოტრანსფორმატორი ფუნქციონირებდა, რომლის შეკეთება მისი გამორთვის და, შესაბამისად, მომხმარებლის შეზღუდვის გარეშე ვერ ხდებოდა. დამატებითი ავტოტრანსფორმატორის მონტაჟის შედეგად კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდა.
პროექტის განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება გადამცემი ქსელის სტაბილურობა, შემცირდება ქსელის ენერგიის გადაცემის რისკები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ხარისხი.