მაია მიმინოშვილი: როგორც შარშან, ისე წელს აბიტურიენტების 15%-მა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი შეაჯამა. როგორც მან განაცხადა, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა. მიმინოშვილის თქმით, გასულ წელსაც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტების საგამოცდო პროცესი გუშინ ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა. დღეს კი გამოცდებს მაგისტრობის მსურველი სტუდენტები ჩააბარებენ და ამით მთლიანად, საგამოცდო პროცესი სრულდება.
წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე 41 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა სასკოლო გამოცდები ვეღარ დაძლია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში 29 000 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა.
ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.