პრემიერი: სწავლება – „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

“რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება – „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ სწავლებაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
„ვფიქრობთ, რომ ეს სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. მასში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თუ არ ვცდები, უკვე მესამედ იმართება ასეთი ტიპის სწავლება და ესეც ნამდვილად მისასალმებელია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე, ვფიქრობთ, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც 4 ძირითადი მიმართულებაა არჩეული – უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა, დემოკრატიის განვითარება და ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობის მიმართულება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია ამ ორმხრივი ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად. არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება ამ ვიზიტის დროს და მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღეში შედგება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 31 ივლისს-1-ელ აგვისტოს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები