დავით ნარმანია NDI-ის კვლევაზე: არაკვალიფიციური კადრების შემთხვევაში, ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა
თბილისის მერი დავით ნარმანია NDI-ის კვლევის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თბილისის მერიაში კორუფციისა და ნეპოტიზმის არსებობას ეთანხმება. როგორც მან განაცხადა, ის ვერ დავეთანხმები იმას, რომ მერიაში არაპროფესიონალი ადამიანები მუშაობენ.
მერმა ის განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები გაიხსენა, მისი აზრით, არაკვალიფიციური კადრების შემთხვევაში, ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
„ჩვენ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ქალაქში გვყოლოდა ახალი ავტობუსები, გვეშენებინა ძალიან ბევრი ახალი გზა, გაგვეკეთებინა ახალი საბავშვო ბაღები, გვემართა ძალიან წარმატებულად ახალი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები. რაც შეეხება კორუფციას, თუკი სადმე ერთეული შემთხვევები იყო, ძალიან წარმატებულად მუშაობდნენ სამართალდამცველი ორგანოები და არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გუშინ გაასაჯაროვა. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა.კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.