სოფო კილაძე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების წარდგენას დაესწრო

ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. კვლევის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების მიმართ.

კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი” 2016 წლის სექტემბრიდან 2017 თებერვლამდე, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, კვლევებით საკმაოდ საინტერესო ტენდენციები გამოვლინდა.

„რა თქმა უნდა, ყველა კვლევას აქვს გარკვეული ცდომილებები, მაგრამ ის, რომ სოციალურ-ეკონომიკური საკითხები მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს ძალიან კარგად გამოიკვეთა”, -განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტისთვის ასეთი ტიპის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ის ცხადად გვიჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. პარლამენტის მუშაობის პროცესში, პრიორიტეტების განსაზღვრისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს აზრი და სწორედ მათი აზრის გათვალისწინებით განვახორციელოთ ესა თუ ის რეფორმა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ევროკავშირს, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამას, რომლებიც უკვე წლებია, აქტიურად მუშაობენ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად”, – განაცხადა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

კვლევის ანგარიშის წარდგენას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები