მიხეილ სააკაშვილი: ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც პეტრო პოროშენკოსაც მიმართავს.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, 24 ივლისს პეტრო პოროშენკომ იმ კომისიის შემადგენლობა შეცვალა, რომელმაც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, პოროშენკომ ზღვარს გადააბიჯა, რაც, სააკაშვილის განცხადებით, მისთვის ცუდი შედეგით დასრულდება.
“პეტრო ოლექსეევიჩ პოროშენკო, მე შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი მრჩევლები გყავთ. ამ განკარგულებით, თქვენ და თქვენმა მთავრობამ ხელი მოაწერეთ გარდაუვალ მარცხს. დღეს თქვენ გადაკვეთეთ წითელი ხაზი, თქვენ, როგორც თქვენი წინამორბედი, ცდუნდით, დააკმაყოფილოთ სურვილი ნებისმიერ ფასად. მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია, ყოველდღე, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტით ვიყავი, ვმუშაობდი, რომ უკრაინა წარმატებული და ევროპული სუპერსახელმწიფო გამხდარიყო! მე უფრო ვარ უკრაინელი, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი გულით”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს და იბრძოლებს უკრაინაში დასაბრუნებლად.
„ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის. თქვენი ხელმოწერის მიუხედავად, მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები”, – მიმართავს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით ჩამოერთვა, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები