“რუსთავი-2”-ს შენობაში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა – ცეცხლი კომპანიის საწყობის ტიპის ნაგებობას გაუჩნდა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, “რუსთავი-2”-ს შენობაში ხანძრის შესახებ შეტყობინება თავდაპირველად 112-ში შევიდა. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გავიდა. მათ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 40 კვადრატულ მეტრამდე ფართი. ხანძარი სამაუწყებლო კომპანიის საწყობის ტიპის ნაგებობაში გაჩნდა. სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, შენობის ამ ფართში კომპანიის დეკორაცია ინახებოდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.