საქართველოს ელჩი უკრაინაში: სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტს ხელი მოეწერა

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩოც ფლობს.
„ოფიციალურად საელჩოსთვის უკრაინულ მხარეს არ უცნობებია, რადგან მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ინფორმაცია პირადი წყაროებით მოიძია“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას ადასტურებს.
როგორც ელჩმა განაცხადა, მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი მათთვის უცნობია. „ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროებიდან ამის თაობაზე ინფორმაცია. ვიცით, რომ უკრაინულმა მხარემ დოკუმენტს ხელი მოაწერა. იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენ რამე დამატებითი შეტყობინება, ან ოფიციალური სახის წერილი არ მიგვიღია ამის თაობაზე. მიზეზი არ არის ასახული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელმოწერის აქტი შესრულდა, სადაც მიზეზი, რატომ, რისთვის, ეს არ არის წარმოჩენილი და უბრალოდ ფაქტის თაობაზე შევიტყვეთ. უკრაინული მხარეს არ აქვს ვალდებულება საელჩოს ცალკე წერილით აცნობოს, რადგან სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. ჩვენ უბრალოდ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ სხვადასხვა არხიდან და ვიცით, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტს ხელი მოეწერა“, – აცხადებს გელა დუმბაძე საზოგადოებრივთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები