“ვენეციის კომისია კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ დააწესებს”
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია გამოსავალს კვლავ ფართო კონსენსუსში ხედავს.
„ძვირფასო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებო, გმადლობთ ახალი წერილისთვის. ვენეციის კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა იქნება.
ამ კონსენსუსის მიღწევა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ვენეციის კომისიის მოსაზრებებს უნდა ეფუძნებოდეს, კომისიის როლი არ არის დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, – ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში, რომელიც 25 ივლისით არის დათარიღებული.
ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთობლივი მიმართვა ერთი კვირის წინ გაუგზავნეს.
მიმართვაში ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო მოლაპარაკებების დაწყება ვერ ხდება.
„გაცნობებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმდინარე პროცესი საქართველოში, უკვე მერამდენედ, შედის ჩიხში. ოპოზიციური პარტიების მცდელობა, დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების’’ მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო, კვლავ შეუძლებელი ხდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა, კიდევ ერთხელ, ღია წერილით მიმართეს ხელისუფლებას, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად. პასუხად კი, 19 ივლისს, ხელისუფლების შიდა კონსულტაციების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ოპოზიციასთან საუბარს, იმ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც წლის დასაწყისში, ოთხი თვის განმავლობაში განიხილა საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც გამოტანილი იყო საჯარო-სახალხო განხილვის ფორმატში და ბოლოს გადმოგზავნილი იყო ვენეციის კომისიისთვის. ხელისუფლებამ, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, რომელმაც პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის 150-ვე დეპუტატის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის ინიციატივას, ძირეულად შეცვალა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი და პარლამენტში კვლავ შერეული საარჩევნო სისტემის ინიცირება მოახდინა, რომელიც დაჩქარებული წესით, სამ დღეში, ორი მოსმენით დაამტკიცა კიდეც“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიმართვაში.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის პრინციპული პოზიცია იყო და არის, შერეული სისტემიდან, სამართლიან პროპორციულ სისტემაზე (გადაუნაწილებელი მანდატების სამართლიანად გადანაწილების გათვალისწინებით) გადასვლა 2020 წლიდან. „ასევე მთელი ოპოზიციური სპექტრი იმაზე ვთანხმდებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლისთვის გადადება, არ შეიძლება“, – ნათქვამია მიმართვაში.
ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც რამდენიმე პარტია ხელს აწერს ნათქვამია, რომ სასურველი იქნება საქართველოს კონსტიტუციის მიღების თაობაზე ვენეციის კომისიამ და ევროპულმა სტრუქტურებმა გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიონ.
„მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ხელისუფლების წინაშე, თქვენთვის დამახასიათებელი პრინციპულობით, კიდევ ერთხელ დააყენოთ საკითხი, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი კანონის მიღებისას, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ“, – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „პოლიტიკური პლატფორმა – „ახალი საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ლეიბორისტული პარტია“.