საკრებულოში დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობდა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის მოცულობა 4 მლნ 510 ათასი ლარით იზრდება. აღნიშნული პროექტი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წარუდგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, 4 მლნ 510 ათასი ლარის გარდა, ბიუჯეტის გადასახდელებში 15 მლნ 90 ათასი ლარის გადანაწილება მოხდა, რის მიხედვითაც, თანხის ძირითადი ნაწილი ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, აღდგენასა და მოვლა-შეკეთებას, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას მოხმარდება.
საფინანსო სამსახურის უფროსმა თითოეული პროექტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას, „C“ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას მოიცავს, 2 მლნ 200 ათასი ლარით იზრდება. ბიუჯეტში, ასევე, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დახმარებებისთვის 4 მილიონი ლარის დამატება მოხდება. საკრებულოს ცნობით, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებში გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთების პროგრამის 1 მილიონ 74 ათასი ლარით გაზრდა. რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას, აღნიშნული პროგრამისთვის 7 მილიონი ლარი გამოიყოფა. თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით, აღნიშნული თანხები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებში არსებული ტენდერებიდან და ხელშეკრულებებიდან მიღებული ეკონომიებიდან გამოთავისუფლდა.
დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. საკრებულოს წევრებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ლია ჯახველაძის მიერ წარმოდგენილ საკითხებზეც იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქში არსებულ რამდენიმე ქუჩას, შესახვევს, სკვერსა და ჩიხს ახალი სახელები მიენიჭათ.
საკრებულოს სხდომას დედაქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.