III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთშია

საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული, სრული შემადგენლობით, ავღანეთში ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე” ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, მაიორი მიხეილ მეზვრიშვილი დახვდნენ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე გაიარა. გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით, ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მიმართულებებში მომზადდა. მათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაშიც ჩაუტარდათ. გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13-კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე, მანავში გაიარა.
უწყების ცნობით, რამდენიმე დღეში, III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული I ქვეითი ბრიგადის ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულებას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეუდგება.
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები