“მომავალ გენერალურ აუდიტორს ვურჩევდი, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და ყველას მიმართ სამართლიანი იყოს”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსულება 25 ივლისს ეწურება. მის შემცვლელს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაასახელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ განვლილმა ხუთმა წელმა ძალიან პროდუქტიულად ჩაიარა და აუდიტის სამსახურის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„მიმაჩნია, რომ განვლილმა ხუთმა წელმა ძალიან პროდუქტიულად ჩაიარა და აუდიტის სამსახურის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქმიანობის ფარგლებში, ყველა მეთოდოლოგია დავხვეწეთ და საერთაშორისო სტანდარტებამდე მოვიყვანეთ. გერმანიისა და პოლონეთის უმაღლეს აუდიტორიულ ორგანიზაციებთან დაძმობილების პროექტი განვახორციელეთ, ასევე, აღიარება მივიპოვეთ როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მძიმე გამოცდილება გვქონდა, პოლიტიკური დაფინანსებისა და მონიტორინგის სამსახურმა მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა“, – აღნიშნა თორდიამ.
გენერალური აუდიტორის თქმით, აღნიშნული სამსახურის მთავარი გამოწვევა ყველა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან არის დამოუკიდებლობა.
„ვთვლი, რომ ხუთწლიანი მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო. ყველა თანამშრომელი მოწადინებული იყო, რომ თავისი საქმე დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და სამართლიანად განეხორციელებინა. ამ სამსახურის მთავარი გამოწვევა დამოუკიდებლობაა ყველა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან. ეს პრინციპები უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ამ სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა იყოს, მათ შორის, პარლამენტის მხრიდან“, – ამბობს მოქმედი გენერალური აუდიტორი.
თორდია, დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს.
„პოლიტიკაში მოსვლას გამოვრიცხავ, პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ. ცუდიც კი იქნებოდა, რომ გენერალური აუდიტორი პირდაპირ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ეტაპზე, მცირე ხანს დავისვენებ, რადგან ის ფუფუნება არ მაქვს, რომ დიდი ხანი დავისვენო. გარკვეული შეთავაზებები კერძო სექტორიდან მაქვს, სახელმწიფო უწყებებიდან არანაირი შეთავაზება არ მქონია. რამდენიმე შემოთავაზებაა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც“, – აცხადებს თორდია.
თორდია რჩევებს მომავალ გენერალურ აუდიტორსაც აძლევს და საკუთარ გამოცდილებაზეც საუბრობს.
„მომავალ გენერალურ აუდიტორს ვურჩევდი, რომ დამოუკიდებლობა, ობიექტურობა შეინარჩუნოს და ყველას მისამართით სამართლიანი იყოს. პირადად მე, დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, პრობლემები არ მქონია და ვინმეს ზეგავლენის ქვეშ არ ვყოფილვარ, რის გამოც, ამ სამსახურის მისამართით ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია. კერძოდ, იმ დასკვნების მისამართით, რომელსაც ვაქვეყნებთ და ვმუშაობთ. ყველა იმ შენიშვნასა და პრობლემურ საკითხებზე ობიექტურად ვწერთ, რასაც ცალკეულ უწყებებში ვაწყდებით. ზუსტად დამოუკიდებლობა განაპირობებს საზოგადოების ნდობასაც და ინტერესსაც“, – დასძენს თორდია.
ლაშა თორდიას აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა და ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილი შეცვალა.
რაც შეეხება პროცედურებს, რეგლამენტის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს.
რეგლამენტის მიხედვით, გენერალურ აუდიტორად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვიდრე პარლამენტი აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს, გენერალური აუდიტორის უფლებამოსილებას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს, რომლის პოსტსაც ამჟამად ნინო ლომჯარია იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები