ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის განცხადებაზე: ჩემი აზრით, მათ მისამართი ეშლებათ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ
,,ჩემი აზრით, მათ მისამართი ეშლებათ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ”, – ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის განცხადებას.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ ეუთო/ოდირი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ პატივი სცეს ეუთო/ოდირის დასკვნას.
„უპირველეს ყოვლისა უნდა მიმართონ იმ ძალებს, რომლებმაც პირდაპირ დახიეს და გადააგდეს პოლიტიკურ სანაგვეზე ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევნების დასკვნა. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბოლო 8 თვის განმავლობაში ეხვეწება და მოუწოდებს ეუთო/ოდირის ყველა წევრს, რომ პატივი სცეს ეუთო/ოდირის დასკვნას. ეს, რომ არ იყოს უბრალოდ ცირკი და ეს იყოს რეალური, პრაქტიკული და ეფექტიანი პროცესი ამისთვის, რომ მარტო საქართველოს ხელისუფლებამ კი არა, უშუალოდ ევროკავშირმა და ეუთო-ს წევრმა ქვეყნებმა პატივი სცენა ეუთო/ოდირის დასკვნას. ჯერჯერობით, რაც ჩვენ გვესმის ბოლო 8 თვის განმავლობაში, მათ შორის ევროკავშირისგან, არის სრული იგნორირება ეუთო/ოდირის დასკვნის. ამიტომ მე მგონი მისამართი შეეშალათ. უპირველეს ყოვლისა მათ უნდა მიმართონ ევროკავშირს და იმათ ვისთვისაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი ეუთო/ოდირის დასკვნა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირი კვლავ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნის მოწვევას, გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ოფისი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არსებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული პრაქტიკიდან.