საერთაშორისო პროექტის – „ცეკვა სკოლაში” პრეზენტაცია რუსთავის თეატრში გაიმართება

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტის – „ცეკვა სკოლაში” პრეზენტაცია  გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარდგენა საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში მოხდება.
25 ივლისს, 12:00 საათზე, პროექტს ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი წარადგენენ.
პრეზენტაციას დაესწრებიან პროექტის – „ცეკვა სკოლაში” ხელმძღვანელები: ან ბოეკმანი, ელია პატრიცი, ლიზა რეგერი, რომლებიც ცნობილი ბერლინელი ქორეოგრაფის, საშა ვალცის თანამედროვე ცეკვის დასისა და ბერლინის შემოქმედებითი კომპანიის TanzZeit-ის წევრები არიან.
პრეზენტაციაზე 20-წუთიანი თანამედროვე ცეკვის პერფორმანსი გაიმართება, რომელიც პროექტის გერმანელმა ხელმძღვანელებმა – ან ბოეკმანმა, ელია პატრიცმა, ლიზა რეგერმა დადგეს და თემატურად 4 ბუნებრივ სტიქიაზეა აგებული – ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. მასში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
“ცეკვა სკოლაში” – გოეთეს ინსტიტუტის ინოვაციური საერთაშორისო პროექტია, რომელშიც ჩართულია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლები, პირველად იმართება და შინაარსით გულისხმობს გერმანულენოვან სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილზე სწავლების ახალი მეთოდის დანერგვას. უფრო კონკრეტულად კი, სწავლების ეს ინოვაციური, ინტერდისციპლინარული მიდგომა სცილდება ენის ტრადიციულ სწავლებას და გერმანული ენის შესწავლას ცეკვისა და მოძრაობის ელემენტებთან ერთად გულისხმობს. ასეთი მიდგომით თანამედროვე სწავლების ინტერდისციპლინური მეთოდური კომპეტენციები გაძლიერდება, რაც ასე მნიშვნელოვანი და ეფექტური გზაა ენის სწავლების მაღალი ხარისხის სრულყოფისთვის.
ეს სოლიდური პროექტი, რომელიც 6 თვე გრძელდება, 3 ეტაპად ხორციელდება:
I ეტაპია საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი, რომელიც რუსთავის საერთაშორისო სკაუტების ბანაკში (მისამართი: ბალანჩივაძის ქ №9) 16 ივლისიდან 26 ივლისამდე გრძელდება. მასში მონაწილეობს 8 სკოლის 32 მოსწავლე და 16 მასწავლებელი საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სკოლებიდან. ამ ჯგუფთან ბერლინის TanzZeit-ის ქორეოგრაფები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ ახდენს მოძრაობა და ცეკვა, მუსიკა და რიტმი ჩვენი ყოველდღიურობის სტრუქტურირებას და გამრავალფეროვნებას, როგორ მყარდება ცეკვასა და მოძრაობაში კომუნიკაცია გერმანული ენის, როგორც უცხო ენის საშუალებით.
შესაბამისად, ამ ახალი მეთოდით ქართველი მასწავლებლები გერმანელი სპეციალისტების დახმარებით სწავლობენ, როგორ შექმნან ერთობლივი პროექტები, როგორ მოახერხონ გერმანული ენის, როგორც საგნის გაკვეთილებში ცეკვისა და მოძრაობის ფორმით კონკრეტული მეთოდების ჩართვა ისე, რომ მუშაობის სამომავლო პერსპექტივები გამოისახოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები