ლევან იზორია და ალექსანდრე ჯეჯელავა მანავის მომავლის ბანაკში ღონისძიებას დაესწრნენ

„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის – „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, მანავის მომავლის ბანაკში მესამე ნაკადის ახალგაზრდებისთვის სამხედრო დღე გაიმართა. ახალგაზრდები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულეს. მთავრობის წევრები მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებსა და პროგრამას პირადად გაეცნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ პროგრამის ორგანიზატორებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრები ახალგაზრდების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მოგვიანებით, ლევან იზორიამ და ალექსანდრე ჯეჯელავამ მოზარდებთან ერთად ისადილეს. დღესვე, სკოლის მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლურად საჩუქრებიც გადაეცათ.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.
ერთკვირიანი პროგრამის მიხედვით, ერთი დღე სამხედრო თემას ეთმობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ქართველი სამხედროები მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებსაც აცნობენ.
სამხედრო ინსტრუქტორები ახალგაზრდებს დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხებს აცნობენ. 100 მეტრის და 45 მეტრი სიგანის მოედანზე, სამზოლიან წინაღობის დაძლევაში მოზარდები ერთმანეთს წონითი კატეგორიის მიხედვით ეჯიბრებიან.
სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ქართული და დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ტექნიკისა და ეკიპირების გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობაც აქვთ.
საზაფხულო სკოლების პროგრამას – „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროგრამის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენების უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე, სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები