წვევამდელებმა სატირეს მთაზე ფიცი დადეს

სენაკის რაიონში, სატირეს მთაზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. დღეიდან ისინი ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის კადრირებული საშტაბო ასეულის შემადგენლობაში, 9 თვის განმავლობაში, ახალი სისტემით იმსახურებენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.
ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და ეროვნული გვარდიის მთავარი სერჟანტი, გიორგი ხარაზიშვილი დაესწრნენ. სამხედროებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სიტყვით მიმართა და სამშობლოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. დღესვე წარჩინებული წვევამდელები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. წვევამდელები სამხედრო კაპელანმა, მამა გიორგიმ დალოცა.
ცნობისთვის, წვევამდელებმა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საველე ბანაკ „სორტაზე“ გაიარეს. საბრძოლო მომზადება განახლებულია და იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში, რეკრუტები საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.
სენაკში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ახალწვეულთა ნაწილის მიღება 2011 წლიდან ხორციელდება. 7 წლის განმავლობაში, სავალდებულო სამსახური სულ 547 წვევამდელმა გაირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები