პროკურორმა ოთარ აბესაძის ჩვენება გამოაქვეყნა – „არქიტექტურის გოგოებს მე მივხედავ, არაა პრობლემა“

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილება, მხარეებს შორის კამათი მოხდა. მერიის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი ოთარ აბესაძისთვის 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. თუმცა, ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა.
ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებული ოთარ აბესაძე საჯარო მოხელეა და არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე, სწორედ ამიტომ ის უნდა დარჩეს პატიმრობაში.
„დასადგენია იმ პირთა წრე, ვისი დახმარებითაც გასცემდა აბესაძე დაპირებებს. შესაძლოა, დანაშაულში არიან მასთან ერთად სხვა პირებიც, რაც დასადგენია” , – განაცხადა პროკურორმა.
როგორც დაცვა ამბობს, აბესაძე ჩანაწერებში 3000 დოლარს არ ახსენებს, ამაზე მხოლოდ “აგენტ-პროვოკატორი” საუბრობს. საპასუხოდ, პროკურორმა საქმიდან ამონარიდი წაიკითხა.
„კაროჩე“, ახლა რა თემაა, „კაროჩე“, მაგას გადაეცი-მეთქი, როგორც მითხარი ძმაო, სამი ათასი დოლარი, მიდი ახლა და არქიტექტურის გოგოებს მე მივხედავ, არაა პრობლემა, ქონების მართვაშიც ჩავა ის, არ თანხმდება 1000 დოლარზე და 2000 ითხოვს”, – ეს ის ამონარიდია, რაც საქმიდან პროკურორმა სასამართლო პროცესზე წაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად 13 ივლისს წარუდგინეს. დედაქალაქის მერიის თანამშრომელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამი ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები