პროკურორი: ოთარ აბესაძემ, ჩვენების მიცემისას, მერიის სხვა თანამშრომლებზეც ისაუბრა

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. როგორც საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდებული ოთარ აბესაძე ვიდეო და აუდიოჩანაწერებში მერიის სხვა თანამშრომლებსაც ასახელებს.
პროკურორის თქმით, ოთარ აბესაძის საქმეში დევს ვიდეო და აუდიომასალა, სადაც ის მერიის სხვა თანამშრომლებსაც ახსენებს.
“2017 წლის პირველ ივლისს გამოძიება დაიწყო ოთარ აბესაძის წინააღმდეგ. იგი დაჰპირდა მოქალაქეებს, რომ თანამდებობის გამოყენებით, დაეხმარებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში მტკვარზე. მოცემულ საქმეზე არსებობს ვიდეო და აუდიოჩანაწერები. ოთარ აბესაძე მერიის თანამშრომლების სახელებს იყენებს. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, დაკავებულია სამოხელეო დანაშაულის მიზნებისათვის პიროვნება, რომელიც ასრულებს საჯარო საქმეს. ოთარ აბესაძე დანიშნულია მერიის მიერ, იღებს 3400 ლარს, შესაბამისად, ის საჯარო სამსახურს ასრულებს”, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის თანამშრომლებმა ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე ორი დღის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები