ადა მარშანია: მოსკოვში გვითხრეს, რომ უახლოეს მომავალში, ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმი მოიხსნება

“მოსკოვში ჩვენს ვიზიტზე საუბარი ორშაბათს იქნება და ჩვენი მოლაპარაკების სტენოგრამას დაგირიგებთ”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ეკიპაჟები ვიზების გარეშე ვერ დაფრინავენ.
„ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ არაერთხელ განაცხადა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ჰუმანიზაციას ითხოვს. ეს კანონი უფრო პრობლემებს გვიქმნის, ვიდრე მათ წყვეტს. უმთავრესი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის თავისუფალი და მაქსიმალური მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, თქვენ იცით, რა მძიმე მდგომარეობაა გალის რაიონში. კერძოდ, ქართულ სკოლებში, სადაც ქართული ენის სწავლა იკრძალება და ქართული ენა უკვე ფარულად ისწავლება. სახელმძღვანელოების გადაცემის კუთხითაც პრობლემებია და ეს პრობლემაც დავაფიქსირეთ, რასაც სრული გაგებით შეხვდნენ და ამ თემაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამასთან, პოზიცია დავაფიქსირეთ სავიზო საკითხზეც. ვიზების უფრო სერიოზული ლიბერალიზაცია უნდა იყოს და ამ საკითხზე გვითხრეს, რომ უახლოეს მომავალში, ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმი მოხსნილი იქნება. იცით, რომ ეკიპაჟები რუსეთ-საქართველოს შორის ვერ დაფრინავენ და მათაც ვიზა სჭირდებათ? ლიბერალიზაცია იქნება. ჩვენ შენგენის ზონის ანალოგი შევთავაზეთ – თუ ადამიანი ავიაბილეთს და სასტუმროს ჯავშანს წარმოადგენს, მას რუსეთში ვიზა ავტომატურად მისცენ. პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამყარების შემდეგ, საქართველოში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობა არ ყოფილა, გნებავთ, ოფიციალური და გინდათ, არაოფიციალური. მოსკოვში ჩვენს ვიზიტზე საუბარი ორშაბათს იქნება და ჩვენი მოლაპარაკების სტენოგრამას დაგირიგებთ“, – აღნიშნა მარშანიამ.
კანონმდებლის ცნობით, სექტემბრიდან სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სხვადასხვა საკითხების მოგვარებაზე იმუშავებენ.
„ჰუმანიტარული საკითხები იყო დასმული, რომლებიც დადებითად მიიღეს. სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ალბათ, სექტემბრიდან იმუშავებენ. რა საკითხებია, ეს? – 25 წლის განმავლობაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ჩვენი მოსახლეობა გამოდევნილია. იქ ვერ შედიან და საფლავებზე ვერ გადიან. ამ საკითხს აბსოლუტური გაგებით მოეკიდნენ და სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ამ საკითხებს გაივლის, მაგრამ ამ საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი”, – დასძინა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები