ბათუმი-ურეკი-ბათუმი – ახალი მატარებელი დღეში 4 ლარად ივლის

ბათუმსა და ურეკს შორის ახალი მატარებელი დაინიშნა. სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღე, დღეში ორჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 4 ლარი იქნება. დღეს, სპეციალურად ზაფხულის ტურისტული სეზონისა და ამ კონკრეტული მიმართულებისთვის მოწყობილი მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ დაჩი ცაგურიასთან ერთად მოინახულა.
“მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას, რადგან ეს არის ძალიან სწორად გააზრებული პროექტი, რომელიც მოემსახურება ტურისტებსა და ვიზიტორებს და არამარტო მათ. ეს არის ალტერნატიული სატრანსპორტო შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციებამდე მივიყვანოთ, ეს იქნება მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღი, ქობულეთი, ჩაქვი თუ ურეკი. ეს პროექტი განტვირთავს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მაგისტრალზე ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე არსებულ გადატვირთულ მორაობას.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ადამიანებს შევთავაზოთ იაფი, ეკოლოგიურად სუფრთა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ზაფხულის სეზონზეა გათვლილი”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.
300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ყოველდღე 15:55 წუთზე, ასევე, 19:20-ზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10-სა და 20:45 წუთზე დაბრუნდება. მგზავრობის ხანგრძლივობა ერთ საათსა და 5 წუთს შეადგენს. მატარებლის ბილეთის შეძენა ჩვეულებრივ ფეიბოქსების აპარატებით, ვებგვერდებსა და რკინიგზის სადგურის სალაროებშია შესაძლებელი, თუმცა ბათუმსა და ურეკს შორის არსებული სადგურებიდან მატარებელში ასულ მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ. ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტია.
„ამ კონკრეტული მატარებლით ტურისტებს საშუალება ეძლევათ, აჭარის ულამაზესი სანაპირო ზოლი მატარებლით მოინახულონ და იმოგზაურონ. ჩვენ მზად ვართ, სხვა პროექტებშიც ვითანამშრომლოთ თუ ამის საჭიროება იქნება. საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და მხოლოდ აჭარის მიმართულებით თბილისიდან დღეში 8 რეისი სრულდება. ამას ემატება ეს კონკრეტული მიმართულება და ქუთაისის რეისებიც. მგზავრებს დამატებითი ინფორმაციის მოძიება მატარებლის განრიგებისა და ფასების შესახებ შეუძლიათ ჩვენს ცხელ ხაზზე 13 31“, – აღნიშნა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები