ადა მარშანია: რუსულ მხარეს საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნა შევთავაზეთ

“გასაკვირია, რატომ არ არის აქამდე ჩვენს შორის დამყარებული პირდაპირი დიალოგის ფორმატი”,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ მოსკოვში ვიზიტის დროს გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ნატოს, საქართველოსა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატის შეიქმნას ითვალისწინებს.
როგორც მარშანიამ აღნიშნა, მოსკოვში ვიზიტის დროს, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო.
„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ საკითხზე ვიყავით ჩასულები მოსკოვში. ცხადია, ეს თემა არის სოხუმი და ცხინვალი. ამ უმთავრეს თემაზე, რომელიც ძალიან დამძიმებული და გართულებულია, ჩვენ ყოველთვის ჩავალთ მოსკოვში და ყოველთვის ამ საკითხს დავაყენებთ პირველ რიგში. ამასთან ერთად, უმძიმეს თემაზე იყო საუბარი რუსულ მხარესთან, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ეს არის ნატოს საკითხი და საქარველოს სწრაფვა ნატოსკენ. ამაზეც ვისაუბრეთ ძალიან გულახდილად. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ საქართველო თანამშრომლობს ნატოსთან, ჩვენი ბიჭები იღუპებიან სხვადასხვა ცხელ წერტილში. მოხდა უპრეცედენტო რამ, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ საკითხებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ, შევქმნათ ფორმატი საქართველო-ნატო-რუსეთი. რუსულმა მხარემ გვიპასუხა, რომ ძალიან საინტერესო იდეაა, ანუ არ იყო ეს იდეა უარყოფილი, რთულად მიღებული და აღქმული. მათ ესმით, რომ ეს საკითხი სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული შეთავაზება და სერიოზული გარღვევა. მეორე გარღვევა – ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ, სამწუხაროდ, პირდაპირი დიალოგი არ მიმდინარეობს აფხაზებთან და ოსებთან და სისტემატურად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან. ურთულეს მდგომარეობაში ვართ, ძალიან დიდი დრო გავიდა, ამიტომ გასაკვირია, რატომ არ არის აქამდე ჩვენს შორის დამყარებული პირდაპირი დიალოგის ფორმატი. ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ რუსული მხარე ამ საკითხში დაგვეხმარება და ხელს შეგვიწყობს“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ნატოს, საქართველოსა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ ინიციატივა მოსკოვში ვიზიტის დროს გააჟღერეს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ახალი ფორმატი რუსეთს დაეხმარება, რომ მსოფლიოში ოკუპანტად და აგრესორად აღარ გამოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები