ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში იმყოფება, სადაც მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” იღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარუშ შეფკოვიჩთან.
პარლამენტის თავმჯდომარემ მარუშ შეფკოვიჩს საქართველოში ჩამოსვლისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობაში ძლიერი მხარდაჭერა აქვს, რაც კიდევ უფრო გაამყარა ევროინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღებულმა ხელშესახებმა წარმატებებმა.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველების ისტორიული ნება და არჩევანი – საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება – მალე აღსრულდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, საქართველო ამბიციურ რეფორმებს ახორციელებს. ამ მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმა დაასახელა და იმ მთავარ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო. მისივე განცხადებით, ენერგეტიკის სფეროს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილის განვითარება, არის ქვეყნის პრიორიტეტი.
მხარეებმა ისაუბრეს, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმაზე.
მარუშ შეფკოვიჩის განცხადებით, ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს, როგორც პარტნიორობის ფარგლებში ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამიტის ფარგლებში ხელშესახები შედეგების მიღება. ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ევროპული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ საქართველოს მოლოდინები სამიტის დოკუმენტებში მაქსიმალურად აისახოს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები